|
|
|
JEX
|
JEX
JEX - Junos Enterprise Switching

JEX კურსი წარმოადგენს Juniper–ის კომუტატორების (switches) გამოყენების და კონფიგურაციის შემსწავლელ კურსს და ამავდროულად არის Juniper–ის სერტიფიცირების მეორე დონის, JNCIS-ENT გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მეორე ნაწილი (პირველ ნაწილს წარმოადგენს JIR კურსი).

მოცემული კურსი საინტერესოა იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაღრმავებული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღება Juniper-ის კომუტატორების გამოყენებაში.

JEX კურსით დაინტერესებულ სტუდენტებს უნდა გააჩნდეთ ბაზური ცოდნა კომპიუტერული ქსელების სფეროში და უნდა ჰქონდეთ გავლილი Juniper–ის ქსელური აკადემიის  IJOS და JRE კურსები.
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 2–2,5 საათი.

ლექციების დაწყების დრო – 14:00 საათი


ლექციები ტარდება ქართულ ენაზე. სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში.

კურსის ბოლოს სტუდენტები აბარებენ შემაჯამებელ ტესტს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი  მიიღებენ Juniper–ის ქსელური აკადემიის JEX კურსის დასრულების შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
JEX კურსის ღირებულება – 700 ლარი

სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება Juniper–ის ქსელურ აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსში განხილული საკითხები
JEX კურსი წარმოადგენს Juniper–ის კომუტატორებთან მუშაობის შემსწავლელ კურსს, რომელშიც განხილულია კომუტაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ასევე ნაჩვენებია პრაქტიკული მაგალითების სახით. მოცემული კურსი მოიცავს კომუტაციის ფუნდამენტუს საკითხებს და Juniper–ის კომუტატორების მუშაობის პრინციპებს, ასევე ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ვირტუალური ქსელები (VLANs), STP პროტოკოლი, პორტების და მოწყობილობების უსაფრთხოება, უწყვეტი ხელმისაწვდომობა (High Availability) და სხვა.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტს შეეძლება Juniper–ის კომუტატორების:

  •  სხვადასხვა მოდელების აღწერა
  •  მე–2 და მე–3 დონის კომუტაციის კონფიგურაცია
  •  კომუტატორებს შორის შემაერთები არხების სხვადასხვა რეჟიმების აღწერა და კონფიგურაცია
  •  ვირტუალური ქსელების (VLAN) სხვადასხვა სახეობების აღწერა და მათი კონფიგურაცია
  • STP პროტოკოლის სხვადასხვა სახეობების მუშაობის პრინციპის აღწერა და კონფიგურაცია
  • სხვადასხვა უსაფრთხოების ტექნოლოგიების ჩართვა
  • უწყვეტი ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების გამოყენება (მათ შორის ე.წ. ვირტუალური შასის კონფიგურაცია EX4200 კომუტატორებზე).
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
სასწავლო კურსში გამოყენებულია Juniper–ის ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა, რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მისი განახლება ხდება პერიოდულად, რათა მასში ასახული იყოს Junos ოპერაციულ სისტემაში შეტანილი ცვლილებები და ის საკითხები, რომლებიც შედის JNCIS-ENT სასერტიფიკატო გამოცდაში.

სასწავლო კურსის ლექციების 50% შედგება პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოებისგან, რომელთა მსვლელობისას სტუდენტებს ეძლევათ Juniper–ის მოწყობილობებთან მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობა, რაც დაეხმარება მათ თეორიული საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში.
JEX კურსზე რეგისტრაციის წესები
JEX კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი  ხდება Juniper–ის აკადემიის JEX კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე.

იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს JEX სასწავლო კურსზე, მან უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდა, რომელიც შეამოწმებს აბირუტიენტის ბაზურ ცოდნას და გამოცდილებას Juniper–ის მოწყობილობების კონფიგურაციაში. გამოცდა წარმოდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. აღნიშნული ტესტირება ტარდება ჩვენს აკადემიაში, აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს აბიტურიენტებს პირადად შეატყობინებენ ელექტრონული წერილის და ტელეფონის მეშვეობით.

აღნიშნული გამოცდა უფასოა და მისი გავლა სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაირიცხოს სასწავლო კურსზე. ასევე აუცილებელია, რომ აბიტურიენტმა იცოდეს ინგლისური ენა საკმაოდ მაღალ დონეზე, რადგან სასწავლო მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.
რეგისტრაცია დახურულია