CCNA
|
|
|
|
CCNA
დილის ჯგუფში სწავლა დაიწყება დეკემბერში
 
Cisco–ს აკადემიის CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსი წარმოადგენს საწყისს და საბაზო კურსს, რომელიც შეასწავლის სტუდენტებს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის საკითხებს. აღნიშნული კურსი მოიცავს როგორც თეორიულ საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებისთვის, ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ადმინისტრატორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესაძენად.

აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ CCNA გამოცდის ჩაბარება Cisco-ს საერთაშორისო CCNA სერტიფიკატის მისაღებად. აღნიშნული გამოცდა ფასიანია, მაგრამ Cisco–ს ქსელური აკადემიის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%–იანი ფასდაკლების ვაუჩერით, რომელსაც ისინი მიიღებენ CCNA კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
მთლიანი სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 6–7 თვე. კურსი დაყოფილია 4 ე.წ. სემესტრად, რომელთა ხანგრძლივობაა დაახლოებით 1,5–2 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 2–2,5 საათი. 

ლექციების დაწყების დრო: 

დილის ჯგუფი – 10:00 საათი
საღამოს ჯგუფი – 19:00 საათი

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე. სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში. აღნიშნული მასალა ხელმისაწვდომია სტუდენტისთვის Cisco–ს აკადემიის სასწავლო პორტალიდან, რომელშიც სტუდენტები რეგისტრირდებიან სასწავლო კურსზე ჩარიცხვის შემდეგ.

კურსის განმავლობაში სტუდენტები აბარებენ CCNA კურსის შუალედურ ტესტებს და ასევე თითოეული სემესტრის ბოლოს ფინალურ ტესტებს. თოთოეული სემესტრის შუალედური და ფინალური ტესტების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი გადადის შემდეგ სემესტრში. ოთხივე სემესტრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს Cisco–ს ქსელური აკადემიის CCNA კურსის დასრულების შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს. ასევე სტუდენტს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, ჩააბაროს CCNA საერთაშორისო გამოცდა და მიიღოს შესაბამისი ინდუსტრიული სერტიფიკატი. ასოციაცია "გრენა"–ს ბაზაზე ფუნქციონირებს Pearson VUE საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ხდება CCNA გამოცდის ჩაბარება.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
CCNA სრული კურსის ღირებულება – 1200 ლარი

სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 დღის განმავლობაში. სტუდენტს შეუძლია სწავლის საფასურის გადახდა როგორც მთლიანად, ასევე ნაწილ–ნაწილ. თუ სტუდენტს ურჩევნია სწავლის საფასურის გადახდა ეტაპობრივად, მან უნდა გადაიხადოს ყოველი სემესტრის დაწყებიდან 15 დღის განმავლობაში სასწავლო კურსის მთლიანი ღირებულების 25%, რაც შეადგენს 300 ლარს.

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ 20%–იანი ფასდაკლება, თუ ისინი სწავლის დაწყებისთანავე წარმოადგენენ შესაბამის დამადასტურებელ ცნობას საკუთარი სასწავლო დაწესებულებიდან.

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება Cisco–ს ქსელურ აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსში განხილული საკითხები
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Cisco–ს მოწყობილობების (მარშრუტიზატორების, კომუტატორების) არქიტექტურას, მათი ინსტალაციისა და კონფიგურაციის ბაზურ საკითხებს, კომპიუტერული ქსელის მუშაობის პრინციპებს, მასში მიმდინარე პროცესებს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისის. პროტოკოლისა და პროგრამის ფუნქციონირების საკითხებს.

კურსი შედგება 4 ნაწილისგან:

  1. კომპიუტერული ქსელების საფუძვლები
  2. მარშრუტიზაცია და მარშრუტიზაციის პროტოკოლები
  3. კომუტაცია ლოკალურ ქსელებში და უკაბელო კავშირი
  4. მოშორებული ქსელების ჩართვის ტექნოლოგიები

პირველი ნაწილი მოიცავს კომპიუტერული ქსელების საფუძვლების ძირითად თეორიულ საკითებს. როგორიცაა: ქსელის აგებულების OSI და TCP/IP მოდელები, მათი შემადგენელი დონეების შესაბამისი პროტოკოლების დეტალური აღწერა. მოცემულ ნაწილში განხილული იქნება ისეთი პროტოკოლები, როგორიცაა: HTTP, DNS, DHCP, TCP, UDP, IPv4, Ethernet და სხვა; ასევე სტუდენტები შეისწავლიან ლოკალურ ქსელებში სხვადასხვა მოწყობილობების დამისამართების პრინციპებს, მოწყობილობების მომზადებას ქსელში ჩასართავად და კაბელების ინსტალაციას.

მეორე ნაწილში განხილულია კომპიუტერულ ქსელებში პაკეტების მარშრუტიზაციის პრინციპები და მარშრუტიზატორების დანიშნულება პაკეტების გადაგზავნის თვალსაზრისით. სტუდენტები ასევე შეისწავლიან სტატიკურ მარშრუტიზაციას და მარშრუტიზაციის სხვადასხვა პროტოკოლებს, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე კომპიუტერულ ქსელებში. მათ შორის: Routing Information Protocol (RIP), Enhanced Interior Gateway Routing Protocol (EIGRP) და Open Shortest Path First (OSPF).

მესამე ნაწილი მოიცავს ლოკალურ ქსელებში კომუტაციის საკითხებს, რომლებიც შეეხება კომუტატორის დანიშნულებასა და ფუნქციონირებას, ლოკალური ქსელის ლოგიკურ ქვექსელებად დაყოფას (VLAN), კომუტატორებს შორის შეერთების სხვადასხვა პროტოკოლების კონფიგურაციას (802.1Q, ISL) და სხვა მნიშვნელოვან პროტოკოლებს (VTP, STP და სხვა).

მეოთხე ნაწილი ძირითადად ეხება გეოგრაფიულად მოშორებული ქსელების ერთმანეთთან დაკავშირების ტექნოლოგიების განხილვას და ასევე სხვადასხვა უსაფრთხოების საკითხების შესწავლას. მოცემულ ნაწილში განხილული იქნება შემდეგი ტექნოლოგიები: HDLC, PPP, Frame-Relay, Access Control Lists (ACL), Network Address Translation (NAT), DHCP, IPv6, VPN.

კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
სასწავლო კურსში გამოყენებულია Cisco–ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა, რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მისი განახლება ხდება პერიოდულად, რათა მასში ასახული იყოს თანამედროვე კომპიუტერული ქსელების განვითარების ტენდენციები.

პრაქტიკული უნარ–ჩვევების გაღრმავებისთვის და საშინაო დავალებების შესრულებისთვის სტუდენტებს ეძლევათ Cisco–ს აკადემიის მიერ შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის "Packet Tracer"–ის გამოყენების საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელების მოდელირებასა და სიმულაციას.

სასწავლო კურსის ლექციების 40% შედგება პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოებისგან, რომელთა მსვლელობისას სტუდენტებს ეძლევათ Cisco–ს მოწყობილობებთან მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობა, რაც დაეხმარება მათ თეორიული საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში.
CCNA კურსზე რეგისტრაციის წესები
CCNA კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი ავტომატურად ხდება Cisco–ს აკადემიის CCNA კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე.

იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს CCNA სასწავლო კურსზე, მან უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენაში ტესტირება. აღნიშნული ტესტირება ტარდება ჩვენს აკადემიაში, აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს აბიტურიენტებს პირადად შეატყობინებენ ელექტრონული წერილის და ტელეფონის მეშვეობით.

ინგლისური ტესტი უფასოა და მისი გავლა სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაირიცხოს სასწავლო კურსზე, რადგან ამ ტესტით ხდება მათი ინგლისური ენის ცოდნის დონის შემოწმება. იმის გამო, რომ სასწავლო მასალა და ყველა ის ტესტები, რომლებსაც სტუდენტები აბარებენ სწავლის პროცესში წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ინგლისურის ცოდნა აუცილებელია საკმაოდ მაღალ დონეზე.

ინგლისური ენის ტესტირებაზე აბიტურიენტებს მოეთხოვებათ დაახლოებით ერთგვერდიანი ტექსტის თარგმნა ინგლისურიდან ქართულ ენაზე. აღნიშნული ტექსტი, როგორც წესი ამოღებულია იმ სასწავლო მასალიდან, რომელსაც სტუდენტები შემდგომ გაივლიან.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც CCNA სასწავლო კურსზე კონკურსი მაღალია, სტუდენტებს ასევე უწევთ IQ ტესტის ჩაბარება, რომელიც აფასებს მათი ლოგიკური აზროვნების უნარს.

სტუდენტების ჩარიცხვა სასწავლო კურსზე ხდება ინგლისური ენის და IQ ტესტის შედეგების მიხედვით. სტუდენტები, რომლებიც მიიღებენ გამსვლელ ქულას, ჩაირიცხებიან შესაბამის ჯგუფებში (დილის და საღამოს ჯგუფებში). დილის და საღამოს ჯგუფების დაკომპლექტება ხდება რეგისტრაციისას ამორჩეული ლექციების ჩატარების სასურველი დროის მიხედვით. სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ სტუდენტებს არ შეუძლიათ სხვა ჯგუფში გადასვლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.
CCNA კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით "რეგისტრაციის" გვერდზე.